ფალსიფიკაცია

ხელოვნურ თაფლს არაფერი აქვს საერთო ნატურალურ თაფლთან. მას აწარმოებენ საქაროზის ინვერსიით ლიმონის მჟავის დამატებით. ზოგჯერ უმატებენ სინთეთიკურ არომატიზატორებს.

ხელოვნური თაფლი შესაძლოა გამოყენებულ იქნეს როგორც საკვები ნივთიერება, მაგრამ მას, რა თქმა უნდა არ გააჩნია სასარგებლო, სამკურნალო თვისებები.

თაფლის ფალსიფიკაცია ძალზედ გავრცელებულია. მას მიმართავენ როგორც თვითონ არაკეთილსინდისიერი მეფუტკრეები, ასევე თაფლის რეალიზატორები.

თაფლის ფალსიფიცირების ყველაზე მარტივი ხერხი: შაქრის სიროპს უმატებენ ძმარს და საღებავს; ასეთ ”თაფლს” ბოშურს უწოდებენ.

იყენებენ აგრეთვე ხილისა და ბოსტნეულის წვენის აორთქლებით გასქელებას, შემდეგ საღებავისა და არომატიზატორის (თაფლის ესენციის) ან ნატურალური თაფლის დამატებით. ასეთი ”თაფლი” ძალიან ჰგავს ნამდვილს და გემოც საკმაოდ სასიამოვნო აქვს, მაგრამ, რა თქმა უნდა მას არ გააჩნია სამკურნალო თვისებები. მას იყენებენ საკონდიტრო ნაწარმში.

ფალსიფიცირებულს, არასრულფასოვანს მიეკუთვნება აგრეთვე ისეთი თაფლი, რომელიც გამოხდილია მაღალი ტემპერატურის გამოყენებით და მასში დიასტაზა დაშლილია.

შაქრის სიროპის მიცემა ფუტკრებისათვის გამოიყენება მეფუტკრეების მიერ წელიწადში ორჯერ: ადრე გაზაფხულზე, რათა ფუტკრის ოჯახმა დაიწყოს გამოღვიძება და მუშაობა და, აგრეთვე შემოდგომით, თაფლის ამოღების მერე, რაც ხელს უწყობს ფუტკრის დედის მიერ კვერცხის დების გახანგრძლივებას და ოჯახის გაძლიერებას ზამთრისათვის.მეფუტკრეების ასეთი ქმედება მიმართულია ფუტკრის ოჯახის საკეთილდღეოდ და თაფლის ხარისხზე არ ახდენს უარყოფით გავლენას, რადგან მიცემულ შაქარს თვითონ ფუტკრები იყენებენ საკვებად. მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ თუ მეფუტკრე მთელი ზაფხულის განმავლობაში გააგრძელებს ფუტკრის ოჯახის კვებას შაქრის სიროპით, ფუტკრები ამ სიროპს გადაამუშავებენ და ფიჭაში შეინახავენ. ასეთი თაფლი ნაკლებად სასარგებლოა, რადგან მასში დაქვეითებულია სამკურნალო თვისებები.

ფალსიფიკაციის მარტივი ხერხია - თაფლის გაზავება შაქრის სიროპით. ვაჭრები, თაფლის ხარისხის დასამტკიცებლად ხშირად ფალსიფიცირებული თაფლის ქილაში ზემოდან ასხავენ კარგი თაფლის ფენას ან დებენ ფიჭის ნაჭერს.

რამოდენიმე რჩევა ფალსიფიცირებული თაფლის გასარჩევად:

თაფლს, პირველ რიგში უნდა ჰქონდეს სასიამოვნო სუნი და გემო. ქაფი მიუთითებს თაფლის არასაკმარის სიმწიფეზე, ხოლო მჟავე სუნი - ამჟავებაზე.

გავრცელებულია აზრი, რომ თაფლის ხარისხის შემოწმება შესაძლებელია ქიმიური ფანქრით ან თაფლზე იოდის დაწვეთებით. თუმცა, ქიმიური ფანქრით ვგებულობთ მხოლოდ წყლის გადამეტებულ შემცველობას, ხოლო იოდით - ცარცის დანამატის არსებობას.

თაფლის ლაბორატორული შემოწმებისას ადგენენ მასში ყვავილის მტვრის არსებობას, გლუკოზის პროცენტულ შემადგენლობას და ა.შ.

თაფლის შეძენისას გაითვალისწინეთ რამოდენიმე რჩევა:

- ეცადეთ თაფლი შეიძინოთ უშუალოდ მეფუტკრისაგან ან თაფლის მომწოდებლისაგან, რომლებიც უფრთხილდებიან საკუთარ ან ფირმის სახელს და არ დაუშვებენ უხარისხო პროდუქტის შემოთავაზებას.

- საეჭვოდ უნდა მიიჩნიოთ მძაფრი არომატი, რომლითაც თაფლს გაწონებთ გამყიდველი და ამ დროს, იგი, როგორც წესი სინთეთიკური არომატიზატორებით მიღწეული შედეგია.

- იცოდეთ, რომ ზაფხულში ნაყიდი ახალი თაფლი თხევადი უნდა იყოს, ხოლო გვიან შემოდგომით ან ზამთარში ყიდვისას, ხარისხიანი თაფლი დაკრისტალებული იქნება (გარდა წაბლისა და თეთრი აკაციის)

- ფიჭიანი თაფლის ყიდვისას ნამდვილად გეცოდინებათ, რომ თაფლი ფუტკრის მიერ არის დამზადებული, თუმცა ამ შემთხვევაში არ ხართ დაზღვეული იმისაგან, რომ თაფლი, ფუტკრის მიერ შაქრის სიროპის გადამუშავებით არ არის დამზადებული.

- 1 ლიტრი თაფლის წონა 1,4-1,5 კგ-ს უდრის (სხვაობა დამოკიდებულია თაფლის შემადგენლობაზე ანუ მის სიმკვრივეზე). 3-ლიტრიან ქილაში თაფლის წონა დაახლოვებით 4,5 კილოგრამია.


 

 

ფუტკარი | თაფლი | ფუტკრის პროდუქტები | მედიცინა | კოსმეტოლოგია | სამზარეულო | სახალისო
გამოიწერე სიახლეები
შეიყვანე ელ-ფოსტის მისამართი