ჩვენს შესახებ
ჩვენი საფუტკრის დაარსების წელია 1981.
მაშინ საფუტკრეში მხოლოდ 3 სკა იყო.
საფუტკრის დაარსება განაპირობა ჩვენი პირველი ვაჟიშვილის დაბადებამ.
როგორც ყველა მშობელს, ჩვენც შვილისთვის მხოლოდ საუკეთესო გვინდოდა. ვცდილობდით საკვები ყოფილიყო ეკოლოგიურად სუფთა, ქიმიკატების გარეშე, რძე მხოლოდ ნატურალური და ა.შ. ამ ყველაფერს მეტ-ნაკლებად ვახერხებდით, მაგრამ ყველაზე დიდი პრობლემა შეგვექმნა თაფლის ყიდვისას, რომელიც პატარის რაციონში ძალზედ მნიშვნელოვან ადგილს იკავებდა. ბაზარში ან მაღაზიაში ნაყიდს ვერ ვენდობოდით.
წავიკითხეთ უამრავი სპეციალური ლიტერატურა, რადგან შეგვძლებოდა ფალსიფიკატის გარჩევა და გავიგეთ, რომ არსებობს მხოლოდ ერთი ხერხი: თაფლი უმჯობესია შეიძინო მეფუტკრესთან და ამ დროს უნდა იცოდე რამდენად კეთილსინდისიერია იგი.
ამ ძიების პროცესში საკმაოდ ბევრი რამ გავიგეთ მეფუტკრეობაზე და გადავწყვიტეთ ჩვენც გვეცადა. შევიძინეთ სკები და ფუტკრის პატარა ოჯახები და დავასახლეთ კახეთში, საკუთარ ეზოში. ვცხოვრობდით თბილისში და მხოლოდ ზაფხულობით ჩავდიოდით სოფელში, მაგრამ სულაც არ გაგვჭირვებია
გარწმუნებთ, რომ მეფუტკრეობა არც თუ ისე ძნელი საქმეა და, ამავდროულად მომგებიანი და ძალიან საინტერესო. ყოფილა შემთხვევა, რომ გვალვიანობის დროს, თაფლი საერთოდ ვერ ამოგვიღია, მაგრამ ფუტკარს მაინც სიამოვნებით ვუვლიდით. დაინტერესება იქამდე მივიდა, რომ ვიარეთ საპატრიარქოსთან არსებულ მეფუტკრეობის კურსებზე, შემდეგ ვისწავლეთ მეფუტკრეობის სახალხო აკადემიაში.
გადიოდა წლები, საფუტკრე გავზარდეთ 8 ოჯახამდე. თაფლი უკვე ყოფნიდა არა მარტო ჩვენს ოჯახს, არამედ ახლობლებსაც. ყველამ გამოვიარეთ ის მძიმე წლები, როდესაც მაღაზიები ცარიელი იყო. მაშინ შაქრის მაგივრობა მთლიანად ჩვენმა თაფლმა გაგვიწია.
დაგვიგროვდა მეფუტკრეობის ცოდნა და გამოცდილება და გადავწყვიტეთ საიტის მეშვეობით, მკითხველს მივაწოდოთ სწორი ინფორმაცია თაფლზე და ფუტკრის სხვა პროდუქტებზე, ფუტკართან და მეფუტკრეობასთან დაკავშირებულ საკითხებზე, თაფლის ფალსიფიკაციის პრობლემაზე. ჩვენ ვთვლით, რომ თაფლის ფალსიფიკაცია არა მხოლოდ ფუტკრისა და საკუთარი თავის შეურაწყოფაა, არამედ დანაშაულია კაცობრიობის, და პირველ რიგში ღმერთის წინაში, რადგან უფალმა შექმნა ასეთი საოცარი არსება - სრულყოფილი და ყველასათვის სასარგებლო და არავის აქვს მისი ნაშრომის გაფუჭების უფლება.
ჩვენ შევეცადეთ მასალა ყოფილიყო მრავალფეროვანი და თქვენთვის საინტერესო და თუ გაგიჩნდებათ კითხვები, სიამოვნებით გიპასუხებთ ყოველივეზე.(chkhikvishvili.m@gmail.com)
ასევე მოხარული ვიქნებით თქვენგან მივიღოთ ახალი ინფორმაცია. თუ ჩვენ საიტთან გაცნობის შემდეგ, გაგიჩნდებათ მეფუტკრეობის დაწყებისსურვილი, ამაშიც სიამოვნებით დაგეხმარებით.
|