რა არის თაფლი?
თაფლი - ფუტკრის (Apis mellifera) მიერ დამზადებული საკვები პროდუქტია. ფუტკრები აგროვებენ ყვავილის ნექტარს, ხოლო სკაში შეტანის მერე, რთული ფიზიკო-ქიმიური პროცესების შედეგად ხდება ნექტრის გამდიდრება ფუტკრების მიერ გამომუშავებული, ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით. თაფლის გემო და სურნელი დამოკიდებულია იმ ყვავილებზე, რომლიდანაც ფუტკრებმა მოაგროვეს ნექტარი.
ფუტკრის თაფლი წარმოადგენს კონცენტრირებულ მაღალკალორიულ პროდუქტს, რომელიც, თავისი შემადგენლობით მნიშვნელოვნად განსხვავდება სხვა ტკბილი ნივთიერებებისაგან. თაფლი, როგორც საკვები პროდუქტი გამოირჩევა ბიოლოგიური აქტივობით, რომელსაც ინარჩუნებს ასწლეულობით.
ეგვიპტეში, დიდგვაროვნების დაკრძალვისას, ნეშტს ათავსებდნენ თაფლში, რაც ახდენდა მის შენახვას (დაკონსერვებას), ამასთანავე, დაკრძალვისას, სხვა საჭირო ნივთებებთან ერთად აუცილებლად ითვლებოდა თაფლით სავსე ქილის ჩატანება. არქეოლოგიური კვლევების შედეგად დადასტურდა, რომ აკლდამებში ნაპოვნმა თაფლმა ათასწლეულობით შეინარჩუნა თავისი თვისებები.
უძველესი დროიდან თაფლი გამოიყენებოდა არა მხოლოდ როგორც გემრიელი და ნოყიერი საკვები, არამედ როგორც სიმხნევის შენარჩუნებისა და სიცოცხლის გახანგრძლივების ბუნებრივი საშუალება.
ბერძენი მათემატიკოსი პითაგორა , რომელიც გარდაიცვალა 90 წლის ასაკში, ამტკიცებდა, რომ მისი ხანგრძლივი და, რაც მთავარია ნაყოფიერი ცხოვრების საიდუმლოება მხოლოდ თაფლის ყოველდღიურ მიღებაშია.
ფილოსოფოსი-მატერიალისტი დემოკრიტე, რომელმაც 100 წელზე მეტი იცოცხლა, წერდა, რომ ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად აუცილებელია ”შიგნეულობას მივაწოდოთ თაფლი”.
ცნობილი ექიმი, მკვლევარი და პოეტი იბნ-სინა (ავიცენა) აღნიშნავდა: ”თუ გინდა შეინარჩუნო ახალგაზრდობა, აუცილებლად ყოველდღიურად მიირთვი თაფლი”. განსაკუთრებით ურჩევდა იგი თაფლის მიღებას 45 წელს გადაცილებულ პიროვნებებს.
ინდოეთში თბილ რძეში გახსნილ თაფლს ეძახიან სიცოცხლისა და სილამაზის ელექსირს.
წინასწარმეტყველი მუჰამედი ქადაგებდა: ”განსაკუთრებით ყურადსაღებია 2 წამალი - თაფლი და ყურანი”
თანამედროვე კვლევებმა დაადასტურა, რომ უძველესი ფილოსოფოსები და ექიმები არ ცდებოდნენ თაფლის შეფასებაში. დადგინდა, რომ იგი სინამდვილეში სიცოცხლის გახანგრძლივების საშუალებაა.
ექიმი დ.ს.ჯარვისი თავის წიგნში ”თაფლი და სხვა ბუნებრივი პროდუქტები” წერს: ,,ჩემთვის უცნაურია, როდესაც ადამიანები თაფლის გამოყენებაზე უარს იძახიან მხოლოდ მისი სიძვირის გამო. ნუთუ საკამათოა, რომ ყველაზე ძვირადღირებული ჩვენი ჯანმრთელობაა და არ ღირს მასსე ეკონომიის გაკეთება. წინააღმდეგ შემთხვევაში, გარკვეული დროის შემდეგ თქვენ მაინც მოგიწევთ ხარჯის გაწევა, ოღონ უკვე წამლებზე. ყველაზე დიდი ეკონომია გამოგივათ, თუ ახალგაზრდობიდან გაუფრთხილდებით ჯანმრთელობას. თაფლს შეუძლია შეავსოს თქვენს კვებაში არსებული, არასრულფასოვანი საკვების მიღებით გამოწვეული ხარვეზები.” რაც უფრო ადრინდელ ასაკში დაიწყებს ადამიანი თაფლის რეგულარულ მიღებას, მით უფრო შეძლებს ჯანმრთელობის შენარჩუნებას და სიბერის დამარცხებას.
|